logo
ENG



"საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს" - კობახიძე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ამართლებს

30 ივნ 202316:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/gk2ambt6xo40fxn.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ამართლებს. კობახიძის თქმით, მიშა მშვილდაძე თავდასხმაში "პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს".

ირაკლი კობახიძის აზრით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში "ხელისუფლება არაფერ შუაშია". ამასთან, ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მიშა მშვილდაძე "პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამაღრმავებელია ქვეყანაში". 

"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს პირველ რიგში. არ შეიძლება ასეთი ადამიანები... რა თქმა უნდა, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ გულში ჩაიხედოს სინამდვილეში, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო. ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამაღრმავებელი ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველამ იცის.  

თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია ხელისუფლება? იქნება, მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა. რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა? იქნებ ეს იყო მიზეზი? მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი, დამთავრებული ამბავია", - აცხადებს კობახიძე.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა